მოკლე ინფორმაცია კვებითი აშლილობების შესახებ

კვებითი აშლილობების ზეგავლენა ადამიანებზე გაცილებით მეტია, ვიდრე “კვებასთან დაკავშირებული პრობლემები” – ისინი წარმოადგენს რთულ ფსიქიკურ მდგომარეობებს, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და სოციალურ ფუნქციონირებაზე.

თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კვებითი აშლილობები მკურნალობას ექვემდებარება. ადრეული ამოცნობა და პროფესიული დახმარების ძიება გადამწყვეტია გამოჯანმრთელების პროცესში.

კვებითი აშლილობების ძირითადი ტიპები

  1. ნერვული ანორექსია (Anorexia Nervosa)

კლინიკური სურათი:

– მნიშვნელოვნად დაბალი სხეულის წონა

– წონის მატების ინტენსიური შიში

– სხეულის აღქმის დარღვევა (საკუთარი სხეულის აღქმა სიმსუქნედ, მიუხედავად წონის დეფიციტისა)

– თვითშეფასება მჭიდროდ დაკავშირებულია წონასთან და ფორმასთან.

ანორექსიის მქონე პაციენტებთან ხშირად ვხვდებით პერფექციონიზმის მაღალ დონეს, რიგიდულობას და ემოციური რეგულაციის სირთულეებს. მკურნალობა მოითხოვს სამედიცინო და ფსიქოლოგიური ინტერვენციების კომბინაციას.

 2. ნერვული ბულიმია (Bulimia Nervosa)

– განმეორებადი ჭარბი კვების ეპიზოდები, რომლის დროსაც იკარგება კონტროლის განცდა

– კომპენსატორული ქცევები წონის მატების თავიდან ასაცილებლად (ღებინება, საფაღარათო საშუალებები, გადაჭარბებული ვარჯიში)

– თვითშეფასება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სხეულის ფორმასა და წონაზე

– ხშირად ნორმალური ან მსუბუქად მომატებული წონა.

ბულიმიის მქონე პაციენტებში ხშირია იმპულსურობა, განწყობების მერყეობა და სირცხვილის ღრმა განცდა. ფსიქოთერაპია, განსაკუთრებით CBT-E/CBT-T, არის მკურნალობის  მეთოდი.

 3. კომპულსური ჭარბი კვების აშლილობა (Binge Eating Disorder)

– განმეორებადი ჭარბი კვების ეპიზოდები კონტროლის დაკარგვის განცდით

– დისტრესი ჭარბ კვებასთან დაკავშირებით

– გამწმენდი ქცევების არარსებობა

– ხშირად ასოცირებულია ჭარბწონიანობასთან, თუმცა არა ყოველთვის.

აქ  ხშირია სიღრმისეული სირცხვილი და დანაშაულის გრძნობა საკვებთან დაკავშირებით. ქცევითი ჩარევა, მინდფულნესი და ემოციური რეგულაციის უნარების განვითარება მნიშვნელოვანი კომპონენტებია მკურნალობაში.

4. სხვაგვარად დაუზუსტებელი კვებითი აშლილობა (OSFED)

– ატიპიური ანორექსია (ყველა კრიტერიუმი ნორმალური წონის გარდა)

– ბულიმია დაბალი სიხშირით/შეზღუდული ხანგრძლივობით

– ღამის კვების სინდრომი

– გამწმენდი აშლილობა (გამწმენდი ქცევა ჭარბი კვების გარეშე)

ეს პაციენტები ხშირად გვიან ეძებენ დახმარებას, რადგან მათი სიმპტომები არ ჯდება “კლასიკურ” კატეგორიებში. თუმცა, მდგომარეობა სერიოზულია და ეფექტური მკურნალობა შესაძლებელია.

 5. ორთორექსია (კლინიკურად აღიარების პროცესში)

– ჯანსაღი კვების ობსესიური სწრაფვა

– მზარდი შეზღუდვები საკვების “სუფთაობისა” და “ჯანსაღობის” საფუძველზე

– სოციალური იზოლაცია კვებითი შეზღუდვების გამო

– დისტრესი “არაჯანსაღი” საკვების მიღებისას

ორთორექსია ხშირად იწყება როგორც ჯანმრთელობაზე ზრუნვის კეთილგანზრახული ქცევა, მაგრამ შეიძლება გადაიზარდოს დამაზიანებელ აშლილობაში.

6. თავშეკავებითი/შეზღუდვითი საკვების მიღების აშლილობა(ARFID)

– საკვების მიღების შეზღუდვა, მაგრამ არა სხეულის აღქმის დარღვევის გამო

– საკვების ტექსტურის, გემოს, სუნის მიმართ მგრძნობელობა

– შიში საკვებთან დაკავშირებული უსიამოვნო შედეგების (მაგ., გაგუდვა)

– მნიშვნელოვანი წონის დაკლება/ზრდის შეფერხება

ARFID ხშირად იწყება ბავშვობაში და შეიძლება გაგრძელდეს მოზრდილობაშიც. მკურნალობა მოიცავს ექსპოზიციურ თერაპიას და ოჯახურ ინტერვენციებს.

როგორ ამოვიცნოთ კვებითი აშლილობა:

1. ქცევითი ნიშნები

– ხშირი დიეტა ან კვების რესტრიქციული წესები: მკაცრი კვებითი შეზღუდვები, მთელი კატეგორიების ამოღება

– კვებით რიტუალები: საკვების დაჭრა პატარა ნაწილებად, სპეციფიური თანმიმდევრობით ჭამა

– სოციალური კვების თავიდან არიდება: ოჯახურ სადილებზე, რესტორნებში უარის თქმა

– მალულად ჭამა: საკვების დამალვა, მარტო ჭამის პრეფერენცია

– გამწმენდი ქცევები: აბაზანაში ხანგრძლივი დრო კვების შემდეგ, საფაღარათო/დიურეტული საშუალებების გამოყენება

– კომპულსური ვარჯიში: ვარჯიში ავადმყოფობის, დაზიანების ან ცუდი ამინდის მიუხედავად

 2. ფიზიკური ნიშნები

– მნიშვნელოვანი წონის ცვლილება: სწრაფი კლება ან მატება

– გამუდმებული ციება: ცხიმოვანი ქსოვილის დაკარგვა ამცირებს თერმორეგულაციას

– კუჭ-ნაწლავის პრობლემები: შეკრულობა, მუცლის ტკივილი, შებერილობა

– მენსტრუალური ციკლის დარღვევა: ამენორეა ან არარეგულარული ციკლი

– ენერგიის ქრონიკული ნაკლებობა და დაღლილობა

– ხშირი თავის ტკივილები და თავბრუსხვევა

3. ფსიქოლოგიური ნიშნები

– წონაზე და ფორმაზე გადაჭარბებული ყურადღება: ხშირი აწონვა, სარკეში შემოწმება

– საკვებზე მუდმივი ფიქრები:  საკვების კალორიულობის, შემადგენლობის ინტენსიური ცოდნა

– კატეგორიული აზროვნება: საკვების დაყოფა “კარგი საკვები” და “ცუდი საკვები”

– მოუქნელობა კვებასთან დაკავშირებით:  პანიკა არაგეგმიური კვების დროს

–  მწვავე შფოთვა კვებასთან დაკავშირებით: სტრესი სოციალური კვების სიტუაციებში

– განწყობის მკვეთრი ცვალებადობა

 4. სოციალური ნიშნები

– სოციალური იზოლაცია: ურთიერთობებიდან გამოთიშვა, ჰობისა და ინტერესების მიტოვება

– კვებასთან დაკავშირებული სოციალური სიტუაციების თავიდან არიდება

– გამუდმებული შედარება სხვებთან:

– პერფექციონიზმი და კონტროლის მოთხოვნილება ცხოვრების სხვა სფეროებშიც

როდის უნდა ვეძიოთ პროფესიული დახმარება?

საკუთარი თავის ან საყვარელი ადამიანის შემდეგ ნიშნებზე დაკვირვებისას, რეკომენდებულია პროფესიული დახმარების ძიება:

1. თუ კვებასთან დაკავშირებული ფიქრები და ქცევები მნიშვნელოვან დისტრესს იწვევს.

2. თუ საკვებთან დაკავშირებული ქცევები გავლენას ახდენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

3. თუ კვებასთან დაკავშირებული ქცევები ხელს უშლის ყოველდღიურ ფუნქციონირებას.

კვებითი აშლილობების მკურნალობა ყველაზე ეფექტურია, როდესაც ინტერდისციპლინური მიდგომა გამოიყენება:

1. ფსიქოთერაპია: მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები, როგორიცაა:

   – კოგნიტურ-ქცევითი თერაპია კვებითი აშლილობებისთვის (CBT-E)

   – 10-სესიანი CBT (CBT-T) – მოკლევადიანი, მაგრამ ეფექტური ფორმა

   – დიალექტიკურ-ქცევითი თერაპია (DBT)

   – ოჯახზე დაფუძნებული თერაპია (FBT) ახალგაზრდებისთვის

2. დიეტოლოგის კონსულტაცია: ჯანსაღი კვების აღდგენა და კვებასთან დაკავშირებული შფოთვის დაძლევა

3. სამედიცინო მონიტორინგი: ფიზიკური გართულებების მკურნალობა და მონიტორინგი

4. ფსიქიატრიული მკურნალობა: საჭიროების შემთხვევაში თანმხლები ფსიქიკური მდგომარეობების სამკურნალოდ

5. მხარდამჭერი ჯგუფები:  იზოლაციის შემცირება და გამოცდილების გაზიარება.

კვებითი აშლილობის ნიშნების ადრეული ამოცნობა და პროფესიული დახმარების ძიება მნიშვნელოვნად ზრდის გამოჯანმრთელების შანსებს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ დახმარების ძიება ძალის გამოვლინებაა, არა სისუსტის.